top of page

თავის ტვინის ანევრიზმა

Updated: Dec 14, 2023

მიმოხილვა

თავის ტვინის ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის ამობურცვა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის კედლის სისუსტით, ყველაზე ხშირად მისი განშტოების ადგილას. თავის ტვინის შიგნით არსებული ანევრიზმის სამედიცინო ტერმინი არის ინტრაკრანიალური ან ცერებრული ანევრიზმა.


ანევრიზმა ვითარდება, როდესაც არტერიული წნევა აწვება დასუსტებული სისხლძარღვის კედელს, დროთა განმავლობაში იწვევს პატარა უბნის ამობურცვას და ბუშტის მსგავსად გაზრდას.


თავის ტვინის ანევრიზმების უმეტესობა არ სკდება და არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან ჯანმრთელობის გაუარესებას. გასკდომის შემთხვევაში ხდება სისხლჩაქცევას, რომელიც ცნობილია როგორც ჰემორაგიული ინსულტი. ყველაზე ხშირად, ტვინის ანევრიზმით გამოწვეულ სისხლჩაქცევა ხდება თავის ტვინსა და ტვინის თხელ გარსს შორის, რომელსაც ეწოდება არაქნოიდული გარსი. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს ეწოდება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.


ცერებრული ანევრიზმა საკმაოდ გავრცელებულია. ზოგიერთი ექსპერტის გამოთვლით, დაახლოებით 20 -დან 1 ადამიანს აქვს ეს პათოლოგია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს რიცხვი უფრო დაბალია და გვხვდება მოსახლეობის 1 პროცენტში.


თავის ტვინის ანევრიზმების რიცხვი, რომლებიც სკდება, გაცილებით მცირეა და ყოველწლიურად, საშუალოდ, 15000-დან 1 ადამიანში ხდება.


ხშირ შემთხვევაში, თავის ტვინის ანევრიზმა აღმოჩენილია სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული კვლევის დროს (შემთხვევითი აღმოჩენა). თავის ტვინის ანევრიზმების უმეტესობა არ არის საშიში, განსაკუთრებით თუ ისინი მცირე ზომის არის და გაუმსკდარი. თუმცა, დიდმა გაუმსკდარმა ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი, თუ ის აწვება ტვინის ქსოვილებს და/ან ინტრაკრანიალურ ნერვებს. არის შემთხვევები, როდესაც გაუმსკდარი ანევრიზმის პრევენციული მკურნალობა საჭიროა, რათა თავიდან იყოს აცილებული გასკდომა მომავალში. ეს ეხება იმ ანევრიზმებს რომლებიც თავისი მაჩვენებლებით გასკდომის შედარებით მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან.


გაუმსკდარი ანევრიზმისგან განსხვავებით, გამსკდარი ანევრიზმა სწრაფად იქცევა სიცოცხლისთვის საშიშ გადაუდებელ მდგომარეობად და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.


ჩვეული სიმპტომები თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომის დროს

  • უეცარი, მძაფრი თავის ტკივილი, თავში მოულოდნელი დარტყმის მსგავსი

  • კისრის დაჭიმულობა

  • გულისრევა და პირღებინება

  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია)

  • კრუნჩხვა

  • გონების დაკარგვა

  • დაბნეულობა


ანევრიზმის სახეები

ტომრისებული ანევრიზმა - ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ანევრიზმა.

ფუზიფორმული ანევრიზმა - ამ ტიპის ანევრიზმა იწვევს არტერიის გარკვეული სეგმენტის ყველა მიმართულებით ამობურცვას.

მიკოზური ანევრიზმა - ამ ტიპის ანევრიზმა გამოწვეულია ინფექციით, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის არტერიებზე, ამან შეიძლება შეასუსტოს არტერიის კედელი და ხელი შეუწყოს ანევრიზმის წარმოქმნას.


რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას

მიუხედავად იმისა, რომ სისხლძარღვების კედლების შესუსტების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოვლენილია გარკვეული რისკ-ფაქტორები.


რისკ ფაქტორები

  • მოწევა

  • მაღალი არტერიული წნევა

  • თავის ტვინის ანევრიზის ოჯახური ისტორია


თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის, როგორც წესი პირველი კვლევა, რომელიც გამოიყენება ტვინში სისხლდენის დასადგენად (სურ 1).

კტ-ანგიოგრაფიას შეუძლია შექმნას სისხლძარღვების უფრო დეტალური სურათი და გამოავლინოს ანევრიზმის არსებობა (სურ 2).

მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ) შეუძლია აჩვენოს, არის თუ არა სისხლდენა თავის ტვინში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ტიპს, რომელიც დეტალურად აჩვენებს სისხლძარღვებს, ეწოდება მრ-ანგიოგრაფია (ნახ 3). ამ კვლევასაც, უმეტეს შემთხვევაში შეუძლია გამოავლინოს ანევრიზმის არსებობა.

ლუმბალური პუნქცია ზოგჯერ გამოიყენება, თუ არის ანევრიზმის გახეთქვის სიმპტომები, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფია არ აჩვენებს სისხლდენას.

ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია იძლევა თავის ტვინის სისხლძარღვების დეტალურ სურათს (სურ. 4). პროცედურა გულისხმობს კათეტერის შეყვანას საზარდულის არტერიიდან  თავის ტვინის სისხლძარღვებში და შემდეგ სპეციალური სარენტგენო კონტრასტის შეყვანას.

თავის ტვინის ანევრიზმა

თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობა

ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა როგორც წესი საჭიროა მისი გასკდომის შემთხვევაში, ან ანევრიზმის გასკდომის მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში. არსებობს ქირურგიული მკურნალობის მთავარი ორი მეთოდი.  


კლიპირება

კლიპირება არის ანევრიზმის დახურვის პროცედურა, როდესაც კრანიოტომიის შემდეგ, ნეიროქირურგი გამოყოფს სისხლძარღვს რომელის კედელზეც არის ანევრიზმა, ანევრიზმის ვიზუალიზაციის შემდეგ ხდება მასზე სპეციალური კლიფსის დადება, რომ შეწყდეს ანევრიზმაში სისხლის მიმოქცევა.


ენდოვასკულური მკურნალობა

ეს ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა ვიდრე კლიპირება. ენდოვასკულური მკურნალობა გულისხმობს კათეტერით საზარდულის არტერიიდან შესვლას ტვინის იმ არტერიაში რომელზეც არის ანევრიზმა. ამის შემდეგ ანევრიზმაში შეიძლება განთავსდეს სპეციალური სპირალები ან სტენტი, რომ ანევრიზმა გამოირთოს სისხლის მიმოქცევის სისტემიდან.


ანევრიზმის პრევენცია

თავის ტვინის ანევრიზმის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ მისი განვითარების/გასკდომის რისკი მცირდება მოწევის შეზღუდვით და არტერიული წნევის ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნებით.


თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ გამოხატული სტატიაში ნახსენები სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

Tel: +995 599820404


არჩილ ერისთავი - ნეიროქირურგი, 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, 9 წელი დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.

მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია. მათ შორის, 2021 წლის მაისში მან საქართველოში ჩაატარა თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია).

არჩილ ერისთავი, ნეიროქირურგი

ტელ: +995 599820404

©2023 by neurosurgeon.ge

bottom of page